ჰერმან საბო: ჩვენი მეგობრები ეუთო/ოდირში, ვენეციის კომისიაშიც ხანდახან იდეოლოგიურ ჩარჩოებში ექცევიან

ნაცვლად იმისა, ვითარებას შეხედონ, რაღაც იდეოლოგიურ პასუხს იძლევიან. აქაც მემარცხენე იდეოლოგიის გავლენა იგრძნობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი იმედოვნებს, რომ
ეუთო/ოდირის ანგარიში უბრალოდ ანგარიშად დარჩება.

„ჩვენ როდესაც კვოტირებას ვაუქმებდით, ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო თანასწორობის არგუმენტი, რომ ქალები და კაცები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ქალების ინტერესებს მხოლოდ ქალები შეიძლება, წარმოადგენდნენ. ხომ არავინ დაუშვებს, რომ, მაგალითად, სასამართლოში ფეხმძიმე ქალს წარმოადგენდეს აუცილებლად ფეხმძიმე ადვოკატი. ხომ სულელურად ჟღერს. ზუსტად ასეა პოლიტიკაშიც. არ არის აუცილებელი, ფეხმძიმე ქალებს წარმოადგენდეს ფეხმძიმე ქალი პოლიტიკოსები.

წარმომადგენლობა არის ურთიერთობის ისეთი თვისება, როდესაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს დამახასიათებელ ნიშნებს, ფიზიოლოგიური იქნება, რასობრივი თუ ა.შ. შესაბამისად, ჩვენ გვგონია, რომ სწორი ვართ ამ სიტუაციაში. არ მგონია, სწორი იყოს, გავითვალისწინოთ ეუთო/ოდირის ეს რეკომენდაცია. გასაგებია, რომ შიგნით თავიანთ იდეოლოგიურ სიტუაციას ასხივებდნენ, როდესაც კითხვაზე გვპასუხობდნენ ან უსმენდნენ საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპარლამენტო და საკომიტეტი განხილვებისას, მათ შორის ვენეციის კომისია იქნებოდა, თუ ეუთო/ოდირი, მათთან განხილვისას ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი, საქართველოში რატომ უნდა ჰქონდეთ პარტიებს ვალდებულება, თავიანთ სიაში აუცილებლად ჩასვან „X“ რაოდენობის ქალი.

ჩვენი მხარდამჭერების მიერ „გირჩში“ სია დგება, პარტიული ბოსები აქ არ გვყავს და არც სიას წერს ვინმე, შესაბამისად, მე უნდა მქონდეს უფლება, არჩევნებზე გავიდე იმ სიით, რომელსაც ჩემი მხარდამჭერები დაუჭერენ მხარს. მათ შორის ეს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული, როდესაც პარტიების შიდა დემოკრატიაზე ძალიან ცალსახა ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციაში. უამრავი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კვოტირება არ არის და საქართველოს მიმართ არცერთ რეკომენდაციაში არ ყოფილა, რომ აუცილებლად კვოტირება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიში დარჩება უბრალოდ ანგარიშად და არაფერ ცვლილებას არ ვიხილავთ, მათ შორის, არც არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა საბომ.

ინფორმაციისთვის, ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები