„არასწორი იყო ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ ორი თვის განმავლობაში“ – პაპუაშვილი
„უცნაური და არასწორი იყო ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ ორი თვის განმავლობაში, რომელიც აშკარად გადაჭარბებული იყო და ერთადერთ რამეს უწყობდა ხელს, წაეხალისებინა აქ უფრო ემოციები, ნაცვლად საღი და რაციონალური მსჯელობისა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოელი აქტორების განცხადებებმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ ჩახშობილიყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული დისკუსიის პროცესი.
“სამწუხაროა, ჩვენ რაც ვიხილეთ ამ ორი თვის განმავლობაში – არაგულწრფელი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რიგ შემთხვევაში ქედმაღლური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომ, თითქოს, რაღაც არასრულფასოვანი ხალხი ვართ და ის, რა გამოწვევას აქვს სხვას, ჩვენთვის თითქოს გამოწვევა არ უნდა იყოს და სხვა თუ ზრუნავს უცხოური გავლენის საკითხების რეგულირებაზე, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება, რომ უცხოური გავლენის საკითხები მოვაწესრიგოთ საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.