არჩილ თალაკვაძე: ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა კანონს კი არ დაადო ვეტო, არამედ დისკუსიას
დღევანდელი განხილვის შემდეგ ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა კანონს კი არ დაადო ვეტო, არამედ დისკუსიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო არის რადიკალური ოპოზიციის გეგმების გაგრძელება, რომ არ ყოფილიყო დისკუსია კანონის გარშემო.
„უმრავლესობა მზად არის ვეტოს დასაძლევად. დღევანდელი განხილვის შემდეგ, ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა კანონს კი არ დაადო ვეტო, არამედ – დისკუსიას, ვინაიდან იყო პირდაპირი პასუხები, რომელიც დისკუსიაში ჩართვაზე, განხილვაზე უარს გულისხმობდა. არც კანონის ტექსტი, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური არგუმენტები იყო განხილული პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან. იყო უარი ამ არგუმენტების განხილვაზე.
თავიდანვე ჩვენი ოპონენტების ტაქტიკაც ეს იყო, რომ დისკუსია არ შემდგარიყო. ისიც კი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და დაასწრო ვეტოს გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 1 დღეც უნდა მოეცადა.
ეს ვეტო იყო ჩვენი ოპონენტების გეგმების გაგრძელება. არ უნდოდათ, რომ საზოგადოებას მეტი გაეგო, თუ რატომაა საჭირო ეს კანონი. გაეგო, რომ ასეთი კანონი და გამჭვირვალობის რეესტრი აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, რომ 12 დანარჩენ წევრ სახელმწიფოს სპეციალური დირექტივით მოუწოდა ევროკავშირმა, რომ შეიმუშაონ გამჭვირვალობის რეესტრები, რომ უფრო მკაცრი კანონმდებლობა აქვს აშშ-ს, საფრანგეთს, ისრაელს, კანადა და თურქეთიც მუშაობს მსგავს კანონზე“, – განაცხადა თალაკვაძემ “დღის ქრონიკის” ეთერში.