შალვა პაპუაშვილი: “გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან

შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, “გამჭვირვალობის კანონი”არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას.

“შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება.

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს. ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების და მათი დონორების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება“, – წერს პაპუაშვილი წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები