არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია

,,სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება.

„დოკუმენტი აანონსებს დროებით არჩევნებს, დროებით მთავრობას, ანუ არჩევნების ჩატარების შემდეგ კიდევ უნდა ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა მოხდეს ინსტიტუტების გადაკეთება, მათი თავიდან დაკომპლექტება. წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება, არ ეცოდინება, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, იქნება თანამდებობების გადანაწილების მცდელობა და მოქალაქეებს შეუძლიათ, წარმოიდგინონ, როგორ ეცდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ ინსტიტუტებისა და ძალაუფლების გაყოფას. მეტიც, ამის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება. დასუსტდება მისი მედეგობა უსაფრთხოების რისკების მიმართ, რასაც, არ არის გამორიცხული, მოჰყვეს ჩარევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, მოჰყვეს ქვეყნის დესტაბილიზაცია ან უფრო მძიმე პროცესებიც. ამიტომ ეს ქარტია პირდაპირ ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას.

მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, ერთიანდებიან თუ ერთდებიან ამ ქარტიის გარშემო. ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღიარეს ევროპული ფრონტის ხელმძღვანლად, ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდნენ წინა წლებში და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია და აჩვენებს, პარლამენტში რამდენად უთავმოყვარეო და არათანმიმდევრული რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები