მამუკა ხაზარაძე: „ნაცმოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით – ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას მათ გარეშე
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნის იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.
მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია.
„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ოცნებას“, რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია.
არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.