,,კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ,,როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
კახიანი POLITICO-ში გამოქვეყნებულ სტატიასაც გამოეხმაურა.
„თავიდანვე ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს და კიდევ უფრო მჭიდროს გახდის, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. უფრო მეტიც, ასეთი მოლოდინიც კი გვაქვს ჩვენ შეერთებული შტატების მხრიდან და ამაზე არაერთი გვისაუბრია, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება თუნდაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ვთქვათ, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ფონზე რაც შეეხება ჟურნალში POLITICO გამოქვეყნებულ სტატიას, პირველ ყოვლისა, რა მინდა ვთქვა, რომ ჯერ ეს ალბათ არ აღიქმება როგორც ოფიციალური პოზიცია, იმიტომ, რომ მხოლოდ ინიციატივაა, დაინიცირებულია კანონპროექტი და არავინ იცის საბოლოოდ მიიღებს თუ არა მას კონგრესი, იმიტომ, რომ ადრეც გვახსოვს ასეთი შემთხვევები, როდესაც დაინიცირებულა კანონპროექტები და ისინი საბოლოოდ არ მიუღიათ.
თუ ვიმსჯელეთ ამაზე, რა არის ჩვენთვის ამ შემთხვევაში მიუღებელი, პირველ რიგში რას ვხედავთ, აი, ამ სტატიას მოჰყვა რა, ამ სტატიას მოჰყვა გარკვეული სპეკულაციები, სხვადასხვა სახის სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ის მუხტი, რომელიც არის აშკარად შენელებული რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე, რაღაცნაირად ამ მუხტის ხელახლა გაღვივება მოხდეს. სხვანაირად რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, როდესაც იქ საუბარია, რომ თითქოს ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ანუ რა იგულისხმება ამაში, იგულისხმება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც ვიღებთ, ეს შეიძლება იყოს ანტიდემოკრატიული? კანონი, რომელიც მოქმედებს ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ დარჩა მსოფლიოში, დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებშიც ან არ მოქმედებს მსგავსი კანონები, ან ბევრგან დაწყებულია ამ კანონპროექტების მიღების პროცესი და ძალიან მალე ამ ქვეყნებსაც ექნებათ.
არადა, ეს კანონი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თავისი შინაარსით და არსით არის ალბათ ყველაზე უფრო რბილი თუ შევადარებთ ანალოგიურ კანონებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოებში მოქმედებენ. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება, როდესაც უსაფუძვლოდ შეიძლება შენ უწოდო ჩემს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. გარდა ამისა, მიუღებელია კიდევ ერთი რამ, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ შანტაჟის ენით საუბარს, ის, რაც მეგობრებს შორის ასე არ უნდა ხდებოდეს. მეგობრებს შორის რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და ურთიერთობების გაღრმავებაზე როდესაც არის საუბარი, ასეთი რიტორიკა არ უნდა არსებობდეს, რომ თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს სანქციები და ა.შ. მითუმეტეს, არაფერს ვიტყვი სანქციები რასთან დაკავშირებით და რისი გულისთვის. კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული და როდესაც გეუბნებიან, რომ თუ უარს იტყვი ამ კანონის მიღებაზე, საუბარია გარკვეულ მოქმედებებზე, ვაჭრობის თემას ჰგავს, რომელიც გადის ჩვენთვის ქვეყნის სუვერენიტეტზე. ვერანაირად ქვეყნის სუვერენიტეტი ვერ გახდება ვაჭრობის საგანი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
POLITICO-ს ინფორმაციით,
აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველი პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.