გიორგი კახიანი – POLITICO-ს ინფორმაციაზე: ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა აქვს ამერიკულ მხარეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის ვიცესპიკერის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ვეტოს ეტაპზეა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.

„ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს. კანონი, რომელიც ამჟამად ვეტოს ეტაპზეა, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ვხედავთ – გაუთავებლად მცდელობას, რომ სტაბილური ვითარება არ იყოს. ეს სხვადასხვა ფორმით ხდება. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე უნდა. გამჭვირვალობა ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამის წინაპირობა და გარანტია იქნება. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამავდროულად იმას, რასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს. ეს ჩანს სოციალური კვლევების გარდა იმ განწყობებშიც, რომლებიც არის საზოგადოებაში. თუ კარგად დავაკვირდებით, ასე იკვეთება და ასე ჩანს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორედ რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობის კანონის მიღებას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, საქართველო დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამერიკულ მხარეს ძალიან მარტივად შეუძლია, მართლაც ის ნაბიჯები გადმოდგას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მყარს და მჭიდროს გახდის. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინიც არსებობს და მივესალმებით ყველაფერს ამას. საქართველო ყოველთვის იყო მონდომებული და დაინტერესებული, რომ შეერთებულ შტატებთან გვქონდეს ძალიან ახლო, მჭიდრო ურთიერთობა და შემთხვევითიც არ არის, რომ ამ ურთიერთობას სტრატეგიულ ვუწოდებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველი პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები