რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია – საავტომობილო მოძრაობა აღდგა
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა მოქალაქეების მცირე ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კვლავ რჩება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობა გამართეს.
ამასთან, მათ გადაკეტილი ჰქონდათ გმირთა მოედანი, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი.
მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ, რომლებმაც აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
ასევე, საქართველოს პარლამენტთან მყოფმა მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ კი კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღეს.
აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.