“გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება” – გურამ მაჭარაშვილი

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი. ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მსგავსი განცხადებები და ასეთი ვასალური დამოკიდებულებები.

“ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზება დიპლომატებზე, ამერიკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რაიმე კითხვა თუ ჰქონდათ, ქვეყნის პირველი პირი მზად იყო, კითხვებზე ეპასუხა საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით. პრემიერ-მინისტრისგან ელჩების მიმართ ეს შეთავაზება სამჯერ იყო, მაგრამ მათგან იყო უარი. ამ ფონზე, ამერიკისგან პრემიერისთვის შეთავაზება, ვიზიტით ჩამობრძანდი, აქ განვიხილოთ თქვენი კანონი და მანამდე შეაჩერეო, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება.

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა? ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, როდესაც ჩვენც გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს. ახალი ელჩი აქამდე იქცეოდა დიპლომატიურად, როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც კი ილაპარაკებს, როგორც უფროსი ქვეყნის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტყვით, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, ასე თავხედურად თქვა უარი ქვეყნის პირველი პირის შეთავაზებაზე, როცა ქართული კანონი მიიღება.

ამერიკაში რატომ უნდა განიხილებოდეს გამჭვირვალობის კანონი და თან იმ დათქმით, რომ შეაჩერე ეს კანონი. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განმარტება და ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორი ქვეყნის ელჩი და არა მეფისნაცვალი. მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა ჩვენ გვინდა პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რომელიც მობრძანდება ქვეყნის პირველ პირთან და კითხვებს დასვამს სახალხოდ, სახალხოდ გასცემს პასუხს პრემიერმინისტრი და დათქმას არ ეტყვის, რომ ეს კანონი გააჩერე, ჩადი ახლა იქ, როგორც ადრე იბარებდნენ ჩვენს მეფეებს ხან ურდოში და ხან სხვა სახელმწიფოში და შემდეგ ხარკებს უწესებდნენ. ეს რა დამოკიდებულებაა. ეს არის ზუსტად მონური დამოკიდებულება და ამას არ დავუშვებთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები