მაკა ბოჭორიშვილი: მივმართავ კამპანია „არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს, ყალბია ეს კამპანია, რადგან საფუძველი არ აქვს

მივმართავ კამპანია „არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს, ყალბია ეს კამპანია, რადგან საფუძველი არ აქვს, მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება, ასევე კიდევ უფრო მეტად ყალბია, რადგან მას რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებენ, მანამდე ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„იმ ადამიანებსაც მინდა, მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და უკვე ორი კვირაა, არ წყდება მათი შანტაჟი, ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპული მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუს. ეს არის რუსული საქმე, და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს. დღემდე წუხან, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ამის უფლება არ მივეცით. არ დავიზარეთ მათი მავნებლობების გაქარწყლება, არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის – ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალის კატეგორიაში განათავსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში. ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია, იცოდეს, რაში იხარჯება პარტნიორების ფული საქართველოში.

„უმადურობა, რომ არ გვჩევია ეს საიდუმლო არ არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროსაც დაადასტურა. ამ ქვეყნის და საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის არის იმის ცოდნა საჭირო, რაში იხარჯება თუნდაც ჩვენი პარტნიორების ფული საქართველოში და როგორ ხმარდება ის საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ გზას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს ბევრს საუბრობენ დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე და ამ მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართული პირების თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობის საჭიროებაზე. ინფორმაციის ქონა, მოქალაქეთა ლეგიტიმურ უფლებადაა მიჩნეული. რატომ უკრძალავთ იგივეს საქართველოს მოქალაქეებს? ჩვენს რეალობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, თუ გამფუჭებელი ორგანიზაციები, რატომ უნდა უმალავდნენ საქმიანობის მიზნებსა და დაფინანსების წყაროს საზოგადოებას? და ბოლოს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დროულად დაჯდომა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია ახლა. ამის ერთ-ერთი წინაპირობა, ცხრა ნაბიჯში განისაზღვრა და არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობს. თქვენ რომ არჩევნები არ გაინტერესებთ, ეს არა ერთხელ გამოჩნდა და ბოლო რეიტინგების შემხედვარეს კარგად მესმის, რომ ყველა იმედი გადაგეწურათ და ისევ და ისევ რევოლუციური სცენარების იმედად ხართ დარჩენილები. როგორც არ უნდა გვაბულინგოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ევროპულ ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ. ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„არ შემიძლია, გუშინდელი დღის ანტიგმირს არ მივმართო. ალეკო ელისაშვილო, უთხარი საზოგადოებას რა დაჯდა შენი ჭკუით პროევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში? „სიენენზე“ კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები