ლევან დავითაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს თავისი ხედვა გააცნო საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების როლის გააქტიურების თვალსაზრისით. მან ასევე ისაუბრა ამ კუთხით არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებსა და მათი ეფექტიანობის ზრდაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ქალთა დასაქმება, ამ კუთხით ქვეყანაში არსებობს გარკვეული დისბალანსი – ხდება ქალთა შრომის ნაკლებად გამოყენება, მათი არასაკმარისი ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში.
„ამ თვალსაზრისით, პრიორიტეტების ნაწილში ჩვენი ხედვები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და ჩვენი განწყობა და სურვილია  ამ კუთხით ქალების მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან ასევე მხარდაჭერილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ქალების როლს აძლიერებს და მათი ხელშეწყობისკენაა მიმართული. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია, მზად ვართ, რომ მეტი სამუშაო შეხვედრები გვქონდეს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მეწარმე ქალებს ინფორმაცია მიაწოდა კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ღონისძიებაზე გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს ბიზნეს სექტორისთვის აქტუალური საკითხების ვრცელ სპექტრზე, მათ შორის – მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები და პროგნოზები, ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ბიზნესის სექტორული განვითარების მიმართულებები და ამ პროცესში ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მექანიზმები.
პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2024 წელსაც შენარჩუნებული იქნება. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობის მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბებს. მან ასევე ისაუბრა მთავრობის მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა – მუშაობა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და იმ სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება, რომლებიც თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებთან.
„ბოლო 3 წელში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ჩვენი მოლოდინი წელსაც საკმაოდ ოპტიმისტურია, რასაც ალბათ თქვენ, მეწარმეები კარგად გრძნობთ. მომავალი საშუალოვადიანი ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 5.2%-ია. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი პროგნოზები ყოველთვის კონსერვატიულია, ჩვენც ასევე კონსერვატიულები ვართ დაგეგმვაში. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე მაღალი იყოს. ასევე გვინდა, რომ  ის ინკლუზიური იყოს, ბევრ მიმართულებას მოიცავდეს, ბევრ სფეროს ფარავდეს და შესაბამისად, საზოგადოების ფართო ფენებს ეხებოდეს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.