მამუკა მდინარაძე: ვერ მაჩვენებთ ობიექტურ რეიტინგს, სადაც საქართველო არ არის დაწინაურებული ყველა პარამეტრით – ერთადერთი ადგილი, სადაც რეგრესია, არის “ენჯეო” სექტორი
“ვერ მაჩვენებთ ობიექტურ რეიტინგს, სადაც საქართველო არ არის დაწინაურებული ყველა პარამეტრით, ეკონომიკის მიმართულებით იქნება ეს, დემოკრატიის მიმართულებით თუ სხვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგრესს მხოლოდ “ენჯეო” სექტორი განიცდის.
„ერთადერთი ადგილი, სადაც არის გაუმჭვირვალობა, ერთადერთი ადგილი, სადაც არის რეგრესი, ეს სამწუხაროდ არის “ენჯეო” არადა, “ენჯეო” სექტორის რა კარგი წარმომადგენლები გვყავს, იცით? არ აქვთ იმდენი ფული, როგორც სხვა “ენჯეოებს” და გაცილებით დიდი ინტელექტუალური, მორალური, სწორი რესურსი, ქართული, ეროვნული არის ყურადღების მიღმა და ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნებიდან მოსულ დავალებებს, ისინი არიან წინა პლანზე წამოწეულები. აქედან გამომდინარეა ის, რომ “ენჯეო” სექტორი განისაზღვრება ამ მდიდარი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებით და ამიტომ აქვთ ამხელა რეგრესი. ქვეყანა მიდის წინ და “ენჯეო” სექტორს აქვს უდიდესი რეგრესი, ეს არის სამწუხარო. 95%-ზე მეტი არიან ინტელექტუალები, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები, არ ჩანან არსად და იმ 5%-ზე ნაკლები, რომლებიც რადიკალიზმით და რაღაც სიძულვილით გამოირჩევიან და დავალებებს ასრულებენ, ისინი არიან წინა პლანზე და ამის გამო ასეთი რეიტინგები აქვს საქართველოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.