მამუკა მდინარაძე: მინდა, პერსონალურად გადავუხადო მადლობა ქალბატონ დანიგანს – მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს
“მინდა, პერსონალურად გადავუხადო მადლობა ქალბატონ დანიგანს იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, რამდენად მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-დან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა”, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის განწყობა იმ რეალურ მეგობრობას შეესაბამება, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო, რომ შარშანდლისგან განსხვავებით აბსოლუტურად განსხვავებული და აბსოლუტურად სხვა რიტორიკაა წელს და გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება. კიდევ უფრო კარგად ავუხსნით, კიდევ უფრო კარგად გაიგებს ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, ჩვენ ყველანი რამდენად მართლები ვართ.
მინდა პერსონალურად გადავუხადო მადლობა ქალბატონ დანიგანს იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ წინა შემთხვევისგან განსხვავებით რამდენად მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-დან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, რა თქმა უნდა ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა. შარშანდელთან შედარებითია ხომ ყველაფერი. ევროპული ოფიციალური წარმომადგენლობების განცხადებები არის გაცილებით მოზომილი. შარშან პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონიო.
რატომ ვუხდი დანიგანს მადლობას, პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს. ჩანს, რომ ის წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ძალის ინტერესებს წარმოადგენდა. ამიტომაც არის შარშანდელთან შედარებით აბსოლუტურად მოზომილი განცხადებები“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაინიცირდა.