„საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს რუსეთთან მთავარ საკითხებზე ილაპარაკოს“

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლებასთან მთავარ საკითხებზე ილაპარაკოს, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარი საკითხებია: დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზი, რუსეთის ბაზები საქართველოში და ლტოლვილების დაბრუნება.
“ასევე არსებობს უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც არის სალაპარაკო. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რომელიღაც მიმართულების გარკვევას. თუ იმას მივაღწევთ, რომ რუსეთი უარს ამბობს აღიარებაზე, ეს შეხვედრა კი არა, არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ ვხვდებით ალბათ, რომ ამას არ ველოდებით. საჭიროა უფრო რეალისტური მოლოდინი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ურთიერთობის ნორმალიზება და გაუმჯობესებისკენ გზები დაისახოს. თუმცა, ერთ დღეში ჩვენი პრობლემები არ გადაწყდება, მაგრამ როგორც ჩინელები ამბობენ: “სჯობს შეხვდე, ვიდრე არ შეხვდე”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი, უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც სასარგებლო ამ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს.
“ვის შეხვდება ბატონი პუტინი, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. მე ვიცი, რომ ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის მოსამზადებელი შეხვედრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები, რასაც მოჰყვება დღის წესრიგის განსაზღვრა და სხვა. საქართველოს მხარე აცხადებს, რომ იგი მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, ამ შეხვედრას მაინც სჭირდება მომზადება. არის ორი მოსაზრება: ერთი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხვდეთ, მეორე არის ის, რომ ყველა შემთხვევაში უნდა შევხვდეთ. ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის სადღაც შუაშია. უნდა შევხვდეთ იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც სასარგებლო ამ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს. შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვინდა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები