მიხეილ მაჭავარიანი: სააკაშვილის ქონების დაყადაღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ქონების დაყადაღებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის ქონების დაყადაღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პროკურატურა და, სამწუხაროდ, მოსამართლეც ამ გადაწყვეტილების მონაწილეები არიან. პოლიტიკური გადაწყვეტაა, რომ მთავარ და ერთადერთ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ხელი შეუშალონ პოლიტიკურ საქმეებში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.
მიხეილ სააკაშვილის ახლობლების ქონებაზე ყადაღის დადებას ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები