ვიქტორ დოლიძე: იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელში პრემიერის პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ, მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში
დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელში პრემიერმინისტრის ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ, მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში,- ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ნატოში, რადგან საქართველოს ახლად არჩეული პრემიერმინისტრი
პირველად ესტუმრება ნატოს შტაბ-ბინას, სადაც მას საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან.
“ამასთანავე, ორმხრივი შეხვედრების მიღმა, ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე, სადაც ელჩებს, ნატოში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, მასთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი წლევანდელ ზაფხულს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ეს არის საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილე, სადაც განხილული იქნება არამხოლოდ ალიანსის გამოწვევები და საფრთხეები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ამას აღიარებს მთლიანად ალიანსი. ამიტომ, ამ ინტერაქციას მოკავშირეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელში პრემიერის პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ, მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.