შალვა პაპუაშვილი: ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომ ოპოზიციამ შეწყვიტა საუბარი არჩევნების დღესთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღესთან დაკავშირებით საუბარი შეწყვიტა, რაც, მისივე თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს დიდი მუშაობა დასჭირდა, რათა მოეფიქრებინათ ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა.

“გახსოვთ, რომ ამაზე ჰქონდათ ხოლმე მთელი სპეკულაციები აწყობილი. ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე, მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ჩვენი უპირველესი ინტერესია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ საბაბიც კი არ ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გაიმეოროს იგივე, რაც გააკეთა 2016-ში, 2020-ში, როდესაც ბოიკოტს უცხადებდა შედეგებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ინტერესი. დღეს მე მქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან, მათ შორის, მქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ გასულ წლებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები