არჩილ თალაკვაძე: ისტორიული დღეა, საქართველოს წარმოადგენს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, მას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა

დღეს არის კიდევ ერთი პოზიტიური დღე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. გაიმართება ორმხრივ ფორმატში შეხვედრა, სადაც ევროკავშირი და საქართველო, რომელიც, წარმოდგენილია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახით, განიხილავს მომდევნო რეფორმებს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საკითხს და ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა ემსახურება საქართველოს შემდგომ პროგრესს.

„სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოების მხარდაჭერით ქვეყანას მოუტანა ჯერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, კანდიდატის სტატუსი და ახლა უკვე მოლაპარაკებების შემდეგი ფაზა იხსნება ბრიუსელში. ეს არის ის ისტორიული დღე, როდესაც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ის სრულად არის ინფორმირებული, რა რეფორმები ჩაატარა ქვეყანამ, ასევე აქვს ხედვა და სრული კომპეტენცია, რათა შემდგომ ნაბიჯებზე დიალოგი წარმართოს პარტნიორებთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები