პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასოცირების საბჭოს ფორმატი საქართველოსთვის უმაღლეს დონეზე მნიშვნელოვანი გზავნილების გაჟღერების კარგი შესაძლებლობაა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე ევროკავშირთან შემდგომი ნაბიჯების კუთხით მეტ სიცხადეს ელოდება.
„ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, როდესაც უმაღლეს დონეზე ხდება საქართველო-ევროკავშირში არსებული ურთიერთობები არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
ეს არის პოლიტიკური დიალოგის ძალიან კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე. მე მოველი, რომ უფრო მეტი სიცხადე გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. გავიგებთ მეტს ევროკავშირის გეგმებზე გაფართოების საკითხზე და ჩვენ, ჩვენი მხრიდან გავაჟღერებთ იმ გზავნილებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უახლოეს პერიოდში და ასევე გრძელვადიანად, ევროკავშირთან ურთიერთობებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.