ვახტანგ მახარობლიშვილი: ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე

ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე. ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ იმ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში,- ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გაიმართება დისკუსია თუ როგორ შეიძლება შემდგომი პოზიტიური როლი შეასრულოს ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე. ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ იმ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში. ბუნებრივია, გაიმართება დისკუსია, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შემდგომი პოზიტიური როლი შეასრულოს ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე, როგორც საუბარი შედგება უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ბორელთან, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთან, ასევე კომისარ ლენარჩიჩთან, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის კატასტროფების დაძლევის მიმართულებებზე. ასევე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. წინა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგი განსხვავდებოდა მიმდინარე დღის წესრიგისგან. სხვადასხვა ფორმულირებით ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჩანაწერების გაკეთება. ვფიქრობ, რომ უაღრესად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში პირდაპირ არის მითითებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, რომ ეს თვისობრივად ცვლის ჩვენს დისკუსიას და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნებისმიერი ნაბიჯი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები