“მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა” – შალვა პაპუაშვილი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მხარეებს შორის სამუშაო პროცესმა კონსტრუქციულად ჩაიარა.
“7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. 3 საკითხიდან ერთი, რომელიც სასამართლოებს ეხება, გადავდეთ შემდეგი შეხვედრისთვის და შევეცდებით, რომ ის მალე ჩავნიშნოთ.
გვქონდა საუბარი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის საკითხებზე. აქ 8 საკითხი განვიხილეთ და ფაქტობრივად, ყველაზე შევთანხმდით, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროზე, რომელთან დაკავშირებით, 17 საკითხიდან 15-ზე შევთანხმდით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში „ლელო“ არ მონაწილეობდა.