“კრიმინალები თავშესაფარს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება არიონ” – შალვა პაპუაშვილი
„დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას. კრიმინალს რომ თავშესაფარი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს მძიმე ფაქტია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მან შესაბამის უწყებებს მოუწოდა, ქვეყანაში კრიმინალების შემოსვლა არ დაუშვან.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის, ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი (კეზერაშვილი) თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გეგმები.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში ისე, როგორც არასდროს, მკაფიოდ თქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ისეთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.