“სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს” – შალვა პაპუაშვილი
„სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია.
„მას არ შესტკივა გული იმ სიტყვებზე, რომლებიც ამ კონსტიტუციაში წერია, რადგან ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა. ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე წიგნის სახით დევს.
ამიტომაც აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ასე თავისუფლად, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის. ის იქცევა ისე, როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ინარჩუნებს ამ პოზიციას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ უცხოეთშიც ჰყავს მას საკუთარი მფარველები და მმართველები. ამიტომაც ახერხებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას.
სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს საქართველოს და კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რომ სადაც ის ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ამით საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ ამის ბევრი მცდელობა ექნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.