შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა და დოგმა – ეს არის ყოველთვის მსჯელობის საკითხი
რეკომენდაციებს ჩვენ ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება, გავითვალისწინოთ, ან არ გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მხრიდან.
„რეკომენდაციებს ჩვენ ვიღებთ, როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება, გავითვალისწინოთ, შეიძლება, არ გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს ერთი მიდგომა, რომლითაც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ. ეს არ გახლავთ დირექტივა და არ გახლავთ დოგმა, ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის ყოველთვის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ხდება გათვალისწინება, მაგალითად, როგორც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ ვხსნით და განვმარტავთ კიდევაც, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება.