“ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღების შანსი 2008 წელს ხელიდან არის გაშვებული” – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღების შანსი 2008 წელს ხელიდან არის გაშვებული.

ამის შესახებ მან ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში თქვა, ხოლო Die Presse-ის მიერ გამოქვეყნებულმა, საუბრის ფრაგმენტმა ​უნგრული მედიის ყურადღება მიიპყრო.

ამ საუბრის დროს უნგრელი პოლიტიკოსი, ასევე, ამბობს, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთ შორის ბუფერულ ზონად უნდა დარჩეს, რომლისთვის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები იქნება შეთავაზებული.

ორბანის თქმით, მოსკოვი არასდროს შეეგუება ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

“მოგწონთ თუ არა, მოსწონთ უკრაინელებს თუ არა, უკრაინა რუკაზე – არის იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა – ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ იმუშავებს, უკრაინა ტერიტორიას დაკარგავს. რუსეთი ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება, რომ მის საზღვრებთან ევროკავშირისა და ნატოს ისეთი წევრი გამოჩნდეს, როგორიც უკრაინაა”, – ფიქრობს ორბანი.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ 2008 წელს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღების შანსი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და, მასთან ერთად, „ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მომავალი წევრობის პერსპექტივები”.

შუსელის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რეალურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას, ორბანმა თქვა, რომ შეფასება, შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, “თუ როგორ შევხედავთ მომავალს”, რადგან ომის “ცხელი ეტაპის გაგრძელებისას” უკრაინამ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ასევე, არ დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროპას დაიცავს, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი უკვე ნატოს წევრია და ალიანსი რუსეთზე ძლიერია.

“არ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხმება”, – ამბობს ვიქტორ ორბანი.

მან, ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებში, როგორც სერიოზულ პარტნიორს, არასდროს მიიღებს, ის მხოლოდ “შეერთებულ შტატებს და, შესაძლოა, ევროკავშირს დაელაპარაკოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები