წულუკიანი: პრეზიდენტმა გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს, ის უნდა იყოს შემრიგებელი

სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და შემრიგებელი.
“პრეზიდენტს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ იყოს კონსტიტუციურ კომფორტში. კერძოდ, პრეზიდენტზე წერია კონსტიტუციაში ის, რაც არავიზე არ წერია, ეს არის “გამაერთიანებელი”. ჩვენ გვყავს დასაბრუნებელი არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ხალხი – ახალი თაობა ოსების თუ აფხაზების, რომლებიც გაუცხოების რეჟიმში არიან და მათ დაბრუნებაზე მთავრობასთან ერთად პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მისი ვალია (მთავრობა ამას ვერ იზამს, ვერ გააკეთებს, ვერ გაწვდება) გააკეთოს ის, რასაც სხვა მის ადგილზე ვერ შეძლებს – გააბას ხიდები, იფიქროს მთავრობასთან ერთად, როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი. პრეზიდენტის როლია, უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება. ეს გულისხმობს იმას, რომ მან ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ მექანიზმებმა ერთმანეთთან კარგად იმუშაოს, გამაადვილებელი, ხელშემწყობი როლი ითამაშოს და არა, ვთქვათ, ჯინში მდგარი, განაწყენებული ადამიანის.
პირადი წყენა და საქმე უნდა განვასხვავოთ, სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის. არის კიდევ სხვა თემები, მაგალითად, როდესაც ვიღაცა გაბედავს და ღორის თავს ჩამოკიდებს მედრესეზე. მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი, ვინაიდან მთავრობა ამ შემთხვევაში არის ის, ვინც უნდა მოიქცეს დამსჯელივით – მოიკვლიოს, ვინ გააკეთა ეს და დასაჯოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა, მაგალითად, როცა მასთან მიდის მთავრობის რომელიმე წევრი უცხოელ სტუმართან ერთად, უცხოელი სტუმრის თანდასწრებით მთავრობის წევრი ღიად არ უნდა დაამციროს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები