“სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგით წევრად იქცა” – მიხეილ სარჯველაძე

“ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის რიგით წევრად – გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ძნელი გამოსაცნობია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსების შეხვედრებს გამოეხმაურა.

„პრეზიდენტი ცდილობს, ოპოზიციის ფლანგზე გახდეს მათი მხარდამჭერი, ლიდერი და შეიმზადოს სამომავლო პოლიტიკური კარიერა, ესაა მისი მოტივაცია. როგორ გადაწყვეტს და რა ტაქტიკური ხერხები ექნება, გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და შემდეგ რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ეს წინასწარ ძნელი გამოსაცნობია. სამწუხაროდ, ის დიდი ხანია იქცა ერთ-ერთ რიგით წევრად და ამით ყველაზე მეტად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რადგან გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ამ ინსტიტუტისთვის არათავსებადია. აქვს ამბიცია და ამბობს, რომ უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია,“- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები