“არასამთავრობოები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ” – შალვა პაპუაშვილი
“დაფინანსების გარდა, ზოგიერთი ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობა სხვა მხრივაც პრობლემატურია. ისინი დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ.
აქ მთავარი სიტყვა “პასუხისმგებლობაა”. რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და, დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება.
და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ“, – აცხადებს პაპუაშვილი.