ეროვნული ბანკი: ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. დეკემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.8%-ით გამყარდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში, სადაც სებ-მა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა წერია, რომ დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7061-დან 2.6861-მდე, 0.7%-ით გამყარდა.
დეკემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი. დეკემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებით შესამჩნევია ევროსა და ლარის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა, სომხური დრამი და რუსული რუბლი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. დეკემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.8%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0.8%-ით გამყარდა.
ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშში, ევროზონასა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – წერია ანგარიშში.