თეა წულუკიანი: გელათზე რასაც ვამბობ, გაუგებარია ადამიანებისთვის, რომლებსაც შინაარსის გამოტანა უჭირთ, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებელი უნდა მიართვან
გელათთან დაკავშირებით რასაც ვამბობ, გაუგებარია ადამიანებისთვის, რომლებსაც შინაარსის გამოტანა უჭირთ, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოსთხოვა სამინისტროს ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც მათ გააკეთეს.
„ხშირად ისმოდა ოპოზიციის ანგაჟირებული კითხვები გელათთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოგვთხოვა ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ამის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა ისე, რომ 2023 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად რეაბილიტაციის პროცესზე თვითონ საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე, იღებს ვალდებულებას და ამაში, რა თქმა უნდა, სამინისტრო აღარ და ვეღარ ერევა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ერთადერთი ვალდებულება, რაც დარჩა სამინისტროს, არის სამუშაოების დაფინანსება იმ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რასაც მოითხოვს ძეგლის მესაკუთრე.
„მეტი ჩვენ სხვა ვალდებულება ხელშეკრულებით არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე ვამბობ, გაუგებარია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არა მხოლოდ წაკითხულის, არამედ შინაარსის გამოტანა უჭირთ ნათქვამიდანაც კი. ასეთია, მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე დილით სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, რადგან არაადეკვატურობა გვაქვს სახეზე“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, გელათში სადაც კულტურის სამინისტრო ჩაერია, ის კედლის მხატვრობა კვლავ არის სტაბილური, გამაგრებული და შენარჩუნებული.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ჩვენს ვალდებულებას შარშან ვასრულებდით. მილიონი ლარი იქნა ხელშეკრულების შესაბამისად გადარიცხული საპატრიარქოსთვის და მათ, როგორც ხელშეკრულებაში თავად ჩაწერეს, ვალდებულება აიღეს რეაბილიტაციაზე. მე მაქვს რწმენა, რომ ეს რეაბილიტაცია იქნება წარმატებული, თუმცა როდესაც კითხვებს მისვამენ, როგორ მიდის რეაბილიტაცია, ვინაიდან ხელშეკრულებით ჩვენ გამოვირიცხეთ ამ პროცესიდან, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. მე ვაგებ პასუხს ჩემს გუნდთან ერთად 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 4 ოქტომბრამდე თითოეულ ფაქტზე და რაოდენ სასიხარულოა, ყველა ჩარევა, რაც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შედეგიანი და როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ჩარევების შედეგი არის კვლავ დადებითი. რა გაგებით? სადაც ჩვენ ჩავერიეთ, ის კედლის მხატვრობა კვლავ არის სტაბილური, გამაგრებული და შენარჩუნებული. იმის იქით რა ხდება, ვერ გეტყვით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.