საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი თანამშრომლის, ეკა კიკნაძის მეორე სარჩელი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების არაკონსტიტუციურობის შესახებ არსებითად განსახილველად არ მიიღო 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით (№2/35/1793) ეკატერინე კიკნაძის მეორე კონსტიტუციური სარჩელი (21.08.2023) საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ არსებითად განსახილველად არ მიიღო.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით,
წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში ეკატერინე კიკნაძე სადავოდ ხდიდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-20 მუხლის მე-4 პუნქტთან („ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

“კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით”) და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან (უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია) მიმართებით. ეკატერინე კიკნაძე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებდა, რომ დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის წინააღმდეგობას განაპირობებს მუზეუმის დირექტორატისათვის მინიჭებული აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნებისათვის დაინტერესებული პირის, მათ შორის – მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვების შესახებ.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე იზღუდება მოსარჩელის აკადემიური თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – კვლევის თავისუფლება, ასევე – კონსტიტუციით გარანტირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული უფლება გულისხმობს, რომ კულტურული ძეგლი ჩართული უნდა იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების თანახმად, გასაჩივრებული ნორმით მოწესრიგებული საკითხი, იმავდროულად, მოწესრიგებულია იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი – „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით და, შესაბამისად, სარჩელით მუზეუმის დებულების ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება შეუძლებელია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი კანონის შესაბამისი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ ორგანული კანონის 31 ტერცია მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები