“ბევრი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, დღესდღეობით რთული ვითარების გამო, ეს ტურისტები არ ჩამოდიან” – შოთა ბურჯანაძე

“ბევრი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, რეალურად, დღესდღეობით რთული ვითარების გამო, ეს ტურისტები არ ჩამოდიან”, – ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბურჯანაძემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება შეაფასა.

“ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს ვერ მართლდება. ჩვენ უფრო მეტ ტურისტს და შესაძლებლობას ველოდებოდით, მაგრამ აქ ობიექტური მიზეზებია. დღეს ჩვენ ირგვლივ, სამეზობლოში თუ ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. ზოგადად, ეს გარკვეულწილად, სამწუხაროდ, საქართველოში ტურისტული სეზონის განმსამზღვრელია. ბევრი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, რეალურად დღესდღეობით რთული ვითარების გამო, ეს ტურისტები არ ჩამოდიან. ასევე, აზერბაიჯანთან, საიდანაც ხალხი საქართველოს ხშირად სტუმრობდა, სახმელეთო მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, ტურისტების ჩამოსვლაც პრობლემატურია. ეს საქართველოს ბრალეულობით არ რის. ეს ობიექტური მიზეზებია პრობლემატური, რომელიც ქმნის რეალობას, სადაც ჩვენ ტურისტული კუთხით ზამთრის რთული სეზონი გველოდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ზამთრის კურორტებზე “გაბერილი” ფასებია, რაც, რეალურად, ტურისტს აფრთხობს.

“მეორე ობიექტური მიზეზი: სამწუხაროდ, საქართველო ზამთრის დამსვენებლებს იმ ინფრასტრუქტურას, შესაძლებლობას ვერ აძლევს, რომელსაც ისინი მოითხოვენ. აქ არის ის დიდი პრობლემა, რომელიც წელს უკვე თვალნათლივ იყო – ზამთრის კურორტებზე “გაბერილი” ფასები, რაც, რეალურად, ტურისტს აფრთხობს. საქართველო მიმზიდველია იმ მხრივ, რომ აქ შეიძლება, სერვისი კარგ ფასში მიიღო, მაგრამ ის სერვისი, რომელსაც “გაბერილ” ფასად იღებ, შესაძლოა, ტურისტისთვის მიუღებელი იყოს. ვფიქრობ, რომელ ტოტზეც ვსხედვართ, იმ ტოტის მოჭრა არ უნდა დავიწყოთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანასა და სფეროს პრობლემა არ შეექმნას.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომლებიც ხაჭაპურს მიჩვეული ვართ მარტივად სახლში, თუნდაც სარესტრონო სფეროში, ხაჭაპურზე 45 ლარი ნამდვილად წარმოუდგენლად ძვირად ჟღერს. ჩემთვის პირადად ძვირი არ არსებობს, თუ შესაბამისი სერვისია , მაგრამ რეალურია და ფაქტია, რომ 45-ლარიანი ხაჭაპურის შემთხვევაში საქართველოს არცერთ რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოს ესა თუ ის თუნდაც 5 -ვარსკვლავიანი სასტუმრო თუ რესტორანი. მინდა, რომ შეფასებაში რბილი ვიყო, ეს არის რაღაც სიხარბის მომენტი, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩამოსული ტურისტი რეალობას ვერ აფასებს. ფიქრობენ, მისთვის რადგანაც 15 ევრო შეიძლება, პიცისთვის ნორმალური ფასი იყოს, 15 ევრო ხაჭაპურისთვისაც მისაღები იქნებოდა. საქართველოში ტურისტი ამ მოტივაციით არ ჩამოდის. ასე ქვეყანას პროპაგანდას გავუწევთ არა დადებითი ასპექტით, არამედ – უარყოფითით. ამიტომაც, ეს ბიზნესმოთამაშეებისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, რათა ფასების შესაბამის სერვისთან შეთავაზება რეალური იყოს. ეს არა მარტო ხაჭაპურს შეეხება, ეს შეიძლება, ნებისმიერ კერძს და სასმელს შეეხებოდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით უკეთესი მოლოდინი აქვს.

“ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტული სეზონი, ალბათ, ბევრად უკეთესი უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე , რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები მრავლდება. ეს არის საშუალება, რომელიც ტურისტს იზიდავს. საზაფხულო პერიოდს შეგვიძლია, უფრო დადებით პერსპექტივაში შევხედოთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები