ადვოკატის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაესწრება
7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული ექსპრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება.
სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში აქვს ბრალი წარდგენილი.
ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.