დავით მათიკაშვილი: ყველამ საკუთარ სინდისს შეხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა – კონკრეტული კომერციული ბანკის ლიდერებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ახალგამომცხვარ პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა”.

„ეს არის ძალიან მძიმე ვითარება. ზოგადად, მძიმე მოცემულობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ასეთ დროს ყველა პირის კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. როგორც ვიცით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესი გადადო. გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გარკვეული პროცედურები დაიწყო – სახელმწიფო ყველა მიმართულებით ყველა პირის ინტერესის მაქსიმალურად დაცვას ცდილობს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე იცავს საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების დაცვის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია! „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა თუ კანონითა და სასამართლოს ძალით, ეს ყველაფერი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით წყდებოდა. არსებობდა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომლის მიხედვით, საკმარისი იყო პირს საჯარო რეესტრის ამონაწერი წარედგინა და ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ – იმ პერიოდში არც სასამართლო მოქმედებდა და არც არანაირი დაცვის მექანიზმი არსებობდა. დღეს კანონმდებლობა აბსოლუტურად შეცვლილია – მსგავსი რამ რომ განხორციელდეს, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებები. ყოველგვარ მორალურ ღირებულებას არის დაცილებული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. გუშინ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ თითქოს კანონმდებლობაა მძიმე და ის უნდა შეიცვალოს… ყველამ საკუთარ სინდისს შეხედოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა – კონკრეტული კომერციული ბანკის ლიდერებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ახალგამომცხვარ პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან. ამ საკითხში ამინდის ჩართვა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ სარკაზმითა და დაცინვით არის აღსავსე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები