სოზარ სუბარი: ომის საქმის გამოძიება აბსოლუტურად ცალკე თემაა და მას არ აქვს შეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებთან, რომლებიც გამოძიებულია ან მიმდინარეობს გამოძიება
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულის გამოძიება არის პოლიტიკური გამოძიება. ეს მისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური სახელის დარქმევაა, არამედ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც. ამის მაგალითები ჩვენ მსოფლიოში ძალიან ბევრი გვაქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ომის საქმის გამოძიება არის აბსოლუტურად ცალკე თემა და მას ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებთან შეხება არ აქვს.
„ომის დანაშაულისა და, ზოგადად, ომის საქმის გამოძიება არის აბსოლუტურად ცალკე თემა და მას არ აქვს შეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებთან, რომელიც გამოძიებულია ან მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, შესაძლოა, გარკვეული პირდაპირი კვეთები იყოს. მაგალითად, როდესაც დღეს კეზერაშვილს მისჯილი აქვს 5 წელი გარკვეული კორუფციული დანაშაულისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოვიძიოთ ის დანაშაული, რომელიც ეხება მისი მილიონერად გახდომას, საქართველოსთვის გაფუჭებული და უვარგისი სამხედრო ტექნიკის სავარაუდო შესყიდვისა და შემდეგ სხვა ქვეყნებში გადაყიდვის ფაქტზე, რაზეც საერთაშორისო პრესაში ძალიან ბევრი გამოძიება იყო.
როდესაც ვსაუბრობთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო აღდგენის ფაქტზე, ამ შემთხვევაში დანაშაული შესაძლოა, იყოს გაცილებით ფართო და გამოიკვეთოს არა კონკრეტული პირების უბრალოდ დანაშაული, არამედ სისტემის დანაშაული და ამ სისტემის შემქმნელების, იმ პარტიის, რომელმაც ის შექმნა და ამ ყველაფერს სათავეში ედგა. ეს არის პოლიტიკური გამოძიება. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური სახელის დარქმევა, არამედ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც. ამის მაგალითები ჩვენ მსოფლიოში ძალიან ბევრი გვაქვს“, – აღნიშნა სუბარმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ხელისუფლებამ სახელმწიფოს ინტერესები ჰააგასა და სტრასბურგში დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო”.