გიორგი კალანდარიშვილი: წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდრე ახლით არ ჩანაცვლდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მისი ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების მიზანი მანიპულაციები და სპეკულაციებია.
როგორც ის აცხადებს, საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს აქვს სრული უფლებამოსილება, ვიდრე არ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღეს გიორგი კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელი, სამუშაო პროცესი იმდაგვარადაა გაწერილი და აპარატების ფუნქციონირება იმდაგვარად მორგებული საარჩევნო კანონმდებლობას, ჩვენს რეალობას, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება ლეგიტიმაცის საკითხს და წუხილს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან, ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედ თავმჯდომარეს სრული უფლებამოსილება აქვს, ვიდრე არ მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციებისა და სპეკულაციების მიზნითაა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.