“ჰამასის” ტყვეობაში მყოფ კფირ ბიბასს დღეს, 18 იანვარს ერთი წელი შეუსრულდა და “ეს არის მსოფლიოში ყველაზე სევდიანი დაბადების დღე”, – ამბობს ბავშვის ბიძაშვილი, ჯიმი მილერი.
ბიბასების ოჯახი “ჰამასმა” კიბუც ნირ იოზიდან 7 ოქტომბერს გაიტაცა და ამჟამად შირი და იარდენი ორ შვილთან – ერთი წლის კფირთან და ოთხი წლის არიელთან ერთად ტყვეობაში რჩებიან.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის უფროსი – იარდენ ბიბასი ცალკეა დატყვევებული.
გასული წლის ნოემბერში კფირის, არიელის და შირას ტყვეობიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდა, რადგან “ჰამასში” განაცხადეს, რომ ისინი სხვა დაჯგუფების ტყვეობაში რჩებიან. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ბიბასების ოჯახთან დაკავშირებული მტკიცებულება დადასტურებული არ არის და, მათი თქმით, ეს “ფსიქოლოგიური ტერორია”.
ნირ იოზის კიბუცის საბავშვო ბაღში კფირ ბიბასის დაბადების დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფერი წვეულება მოაწყვეს (კფირ ბიბასი – წითურია), რომელსაც იუბილარი არ ესწრებოდა.
ბიბასის დიდი ოჯახი და მათი მხარდამჭერები დღეს თელ-ავივში, მძევლების მოედანზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც მათ ისრაელელი მომღერალი ბავშვები შეუერთდებიან.