“სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიწვევს ეუთოს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვთ” – შალვა პაპუაშვილი

“აღმოჩნდა, რომ („ნაციონალურ მოძრაობას“) სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეუთო/ოდირში დამკვირვებლების შესახებ გაგზავნილ წერილზე.

„სამოქმედო გეგმაში, რომელიც ეხება 9 პუნქტს, პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიწვევს ეუთოს გრძელვადიან მისიას. ესეც აჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი ინტერესი არ აქვთ არც სამოქმედო გეგმის, არც სამუშაო ჯგუფების და არც სადამკვირვებლო მისიების. ერთადერთი ინტერესი არის, რომ ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა რამდენიმე წუთში გაირკვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობამ“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების გაგზავნის თხოვნით ეუთო/ოდირსაც მიმართა.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები