ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაშავდა (ფოტო)
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრში მდებარე სასტუმრო დაბომბეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ცნობილია, რომ სასტუმროში ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, მათ შორის, თურქული გამოცემისთვის მომუშავე საქართველოს მოქალაქეც. დაშავებულთა შორის, ასევე, 37 წლის თურქი ჟურნალისტია.
ხარკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ტიმოშკოს თქმით, რუსების სამიზნე სწორედ უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ.
დაშავებულთაგან 10 საავადმყოფოში რჩება, სამს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ იერიში ს-300 ტიპის რაკეტით მოხდა.