“სახელმწიფოს წინააღმდეგ ფარმაცევტული კომპანიების ღია საბოტაჟს ვხედავთ” – გიორგი ცუცქირიძე

„ჩვენ ვხედავთ ფარმაცევტული კომპანიების ღია საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

„დადასტურდა ეჭვები ფარმაცევტულ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ და ვფიქრობ, ეს კიდევ რბილად ნათქვამია.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ჯერ კიდევ 9 თვის წინ დაიწყო, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ყველაზე მაღალი რისკჯგუფის ავადმყოფებისათვის ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს, ანუ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს.

მიმაჩნია, რომ ამ მოკვლევას არა აქვს მხოლოდ ფინანსური მხარე, მართალია, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ სოლიდური თანხით 52 797 934 ლარით დააჯარიმა, მაგრამ ეს მაინც არ არის მთავარი.

საგანგაშო სხვა რამეა. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას ყველაზე უფრო მოწყვლად მოსახლეობის ფენებზე, რომელთა სიცოცხლეც ხშირად ამ მედიკამენტების დროულად მიღებაზეა დამოკიდებული.

გაძვირებული ფასები, თუნდაც 300-400 %-ით ნიშნავს, რომ ავადმყოფს 3 და 4-ჯერ ნაკლები წამლის შეძენა შეეძლება და შესაბამისად, უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, წარმოებული კარტერული გარიგებების დედააზრი მეორეს მხრივ, მიმართული იყო სახელმწიფოს შანტაჟისათვის, რადგან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის იმ მედიკამენტებზე ხდებოდა ფასების ხელოვნურად აწევა და დეფიციტის შექმნა, რომელსაც რეფერენტული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო იძენს, და სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად 3-4 ჯერ გაზრდილი ფასით შეეძინა. ამასთან, დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული. ეს ძირითადად ეხება  თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტებს, კიდევ უფრო მიუღებელი და ნაძირლობაა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინა, მაგრამ, ვფიქრობ, გაცილებით საგანგაშო სხვა რამეა.

ჩვენ ვხედავთ ფარმაცევტული კომპანიების ღია საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ. კერძოდ, რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმის ჩასაგდებად, რამაც ისინი აიძულა მკვეთრად შეემცირებინათ ფასები და შესაბამისად შეუმცირდათ ზემოგებები მთელ რიგ, ყველაზე მოთხოვნად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე.

გამოიყენეს რა ბაზრის ოლიგოპოლიური დეფორმაცია, მიზანმიმართულად დაიწყეს კარტერული გარიგებები მთელ რიგ მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ პრეპარატებზე, და ხელოვნური დეფიციტების შექმნა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ვარაუდები, რომ მსხვილი ქართული ბიზნესის ნაწილს და ეს მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანიებს არ ეხებათ, განსაკუთრებით ოლიგოპოლიურ სექტორებში, არ აწყობთ ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაცია. ევროკავშირი ცნობილია თავისი მკაცრი რეგულაციებით, პირველ რიგში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით და მექანიზმებით, რომლებიც  მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრიორიტეტზეა აგებული. ის ჯარიმები, რაც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მანამდე საწვავის შემომტან კომპანიებს დაუწესათ, კარტერულ გარიგებებზე მონაგონი იქნება ევროდირექტივებთან შედარებით. ბაზრის მონოპოლიების დაშლა ევროპული და ამერიკული მოდელია!

არსებობს ვარაუდიც, რომ სწორედ ეს კომპანიები აფინანსებენ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებსაც, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მაქსიმალურად ცდილობდნენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს თანაბრად, ღია პრორუსულ დაჯგუფებებსაც ეხება და ე.წ მედასავლეთეებსაც, რომელთა ვიზიტებიც ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას ემსახურებოდა.

მართალია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ, მაგრამ მთავარი დღეს არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყება უკვე 2024 წელს, რათა 2030 წლის გაფართოების ახალ ეტაპზე მოვხვდეთ.

თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მთელი მათი ძალისხმევაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ტორპედირებისაკენ იქნება მიმართული. ბიზნესელიტა, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს,  შეუძლია სახელმწიფოს დაშანტაჟება და არსებული პრივილიგიების დაკარგვის შიშით ყველაფერზეა წამსვლელი. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეროვნული ხელისუფლების დამხობაც, სწორედ ამ ფენის პრივილიგიების დაკარგვის შიშით იყო ნასაზრდოები, შემთხვევით კი არ ჰქონდათ მიამიტთა ასაგდები სლოგანი – გამსახურდიამ თბილისი პროვინციელებით გაავსოო!

ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეც არა ვაშინგტონიდან ,ან ბრიუსელიდან მოდის, არამედ ეროვნული იდენტობიდან ყველაზე უფრო დაცლილი და ყველაფერზე წამსვლელი ამ მანქურთი ელიტიდან, თუ თავად არ იქნება მაძღარი!“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები