პრემიერი – ელჩების კონფერენციის გახსნაზე: ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება − ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის

მინდა, საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ, ყველამ ერთად, ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ხელისუფლებისა და ხალხის, ერთობლივი მუშაობის.

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაზე, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ელჩს, რომლებიც წარმოდგენილი არიან დღეს ამ დარბაზში.

პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ, ყველამ ერთად, ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია.

„მე ახლა მინდა უფრო ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11-წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რასაც მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ კარგად და მე არ მინდა დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ, მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული, რაიმე კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო, საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ის მმართველობა და ის შედეგი, ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ”.

რაც შეეხება სხვა შედეგებს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მანამდე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე ვინმეს რომ ეფიქრა ამ შედეგზე და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, ამ დიდი სამუშაოს დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ. ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა, კიდევ ვიმეორებ ეს იყო, ბუნებრივია, დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ 2012 წელს, ის დემოკრატიული გარდატეხა და ის დიდი წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და „ქართულმა ოცნებამ” მთლიანად, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ და, რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად ჯერ კიდევ მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონე, თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წელს ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად სიღარიბისა და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე, ასევე ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

რა თქმა უნდა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და, ასე ვთქვათ, კონსტიტუცია, მე ამ სიტყვას გამოვიყენებ, არ მოვერიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ბატონმა მინისტრმა აღნიშნა და მინდა გავიმეორო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ ვითარებაში ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, თავისი გამოწვევებით, თავისი ეროვნული ინტერესებით, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.

შესაბამისად, მეგობრებო, სახეზე არის კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის − ეს არის რეალობა”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ რეიტინგებზე.

„მე ასევე მინდა, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმეორო ის მიღწევები, რომლებსაც ჩვენ ბოლო 11-წლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მე რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა შევეხო და საზოგადოებასა და თქვენ, ყველას ერთად, შეგახსენოთ, თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი მმართველი პარტიის მმართველობამ.

დავიწყებ იმით, რომ, ბუნებრივია, ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე დასაწყისში, დემოკრატიზაციის გზაზე ძალიან ძლიერი, სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არაა, კიდევ ვიმეორებ, რომ 180 ქვეყანას შორის დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ასევე კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მე მინდა ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვისა და პოზიციონირებისთვის, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ინდექსი ისეთი, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში − პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების” პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11 ადგილზეა.

ამავე ანგარიშის თანახმად, მეგობრებო, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7, ხოლო სახელმწიფოებს შორის − მე-9 ადგილზეა.

ასევე გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „Transparency International” მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში” მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი.

რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს და კონკრეტული ინდექსი არის ომიანობის ჟამს, ჩვენ წლევანდელი შედეგის მიხედვით, კვლევის მიხედვით, მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს.

ასევე მინდა შევეხო „Fraser Institute”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს”, სადაც საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.

მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ „Freedom House” მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის” თანახმად, საქართველოს „თავისუფალი ქვეყნების” სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მოწინავე შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – Global Risk Profile-მა – „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023″ გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე დასახელდა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მეგობრებო. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. ასევე ბოლოს მინდა შევაჯამო მმართველობის ხარისხით − საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. აი, ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობისა. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვაღწევთ ამ შედეგებს − პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, ამაში თქვენი, ელჩების, როლი არის ძალიან დიდი. მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული გამარჯვება. მე ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებამ უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ვართ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული ახლა, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დავიწყებდი ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და გამყარებას, ჩვენს ევროპელ სახელმწიფოებსა და მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს − ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო, არის, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა 10-წლიანი მმართველობის, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები.

„ჩვენ ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე დიდი, მსხვილი პროექტების, როგორიც არის ანაკლიის პორტის, აეროპორტის განვითარება. გრძელდება ასევე მუშაობა შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მალე გამოიკვეთება, რამდენიმე თვეში გვექნება საბოლოო კვლევა. ამას გარდა, მიმდინარეობს აქტიური აღმშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთელ ქვეყანაში. ამიტომ ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიური მუშაობა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს კეთილდღეობა, ეს ეკონომიკური წინსვლა, განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მე ვიწყებ და მინდა დავამთავრო დღევანდელი სიტყვა იმით, რომ მშვიდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კარგად მოგვეხსენება ჩვენი უახლესი ისტორია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა 10-წლიანი მმართველობის, ჩვენი ხელისუფლების, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, მათ შორის − სამოქალაქო დაპირისპირება, უბედურება, ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია და ა.შ., რამაც ძალიან უკან დახია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება. ამას წინ ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკურ საბჭოზე, მოგეხსენებათ, ინტენსიურად, ყოველ კვირა ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტთ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც არის რეალურად, ჩვენ გვიწევს ხელახლა ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ეს არ ეხება მხოლოდ გზებსა და ინფრასტრუქტურას, არამედ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს. ასე რომ, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გზა გასავლელი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა აი, ეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და, რა თქმა უნდა, იმ რეფორმების გაგრძელება, რომლებზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ, პატივცემულო ელჩებო, დიპლომატებო. ეს თქვენი გამარჯვებაა, ეს თქვენი წარმატებაა და ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მინდა გისურვოთ წარმატებები; ბედნიერი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ელჩების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის − ოლივერ ვარჰეისა და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის − ხერტ იან კოპმანის ვიდეომიმართვები.

ელჩების კონფერენციის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” – საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაა. ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში, ასევე − ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები