ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაცია (ANNA) – საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას

ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ (ANNA) საფინანსო ინდუსტრიის პროგრესის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ბიულეტენშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას. მათ შორის, ხაზგასმულია ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტის რეგიონული მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) მჭიდრო თანამშრომლობა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (ECBC) პოზიტიური გამოხმაურების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აქვე ხაზგასმულია იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული ძალისხმევა.

,,აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციის წევრია და პასუხისმგებელია როგორც ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრების (ISIN), ისე ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის კოდის (CFI) მინიჭებაზე – ISO 6166 და ISO 10962 სტანდარტების შესაბამისად.

ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაცია (ANNA) ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების (NNAs) გლობალური წევრი ასოციაციაა, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) პრინციპების დაცვითა და ფინანსური ინსტრუმენტებისთვის ISIN, FISN და CFI კოდების პოპულარიზაციით ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ინდუსტრიის სტანდარტიზაციას. ეს კი ბაზრის მონაწილეებთან, მარეგულირებლებსა და სტანდარტიზაციის სხვა ორგანიზაციებთან მუდმივი თანამშრომლობითა და მუშაობით მიიღწევა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები