“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბიოსაწვავის საწარმო იქმნება

  “აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბიოსაწვავის საწარმო იქმნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში უკვე მეოთხე ბენეფიციართან გაფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც ხის გრანულების ტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ორგანიზება მოხდება.
სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან შპს „გრინერჯი“. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, “თიბისი” ბანკის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი ნინო მასურაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნეს გაყიდვების განყოფილების უფროსი თამუნა ჟიჟილაშვილი, შპს „გრინერჯის“ დირექტორი თეიმურაზ მათიაშვილი. კომპანიაზე “გრინერჯი” 160 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო “თი-ბი-სი” ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას. შპს “გრინერჯის” პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 185 000 აშშ დოლარია. წარმოება საგარეჯოს რაიონის, სოფელ მანავში აეწყობა და, სავარაუდოდ, დაასაქმებს 10 ადამიანამდე. ქარხანა 2015 წლის თებერვალში ამუშავდება.
კომპანია აწარმოებს ინოვაციურ პროდუქციას და ქართულ ბაზარზე ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავს. „გრინერჯის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნედლეულის(ბიომასის) გადამუშავება და ხის გრანულების მიღება. აღნიშნული ხის გრანულები არის მყარი ბიოსაწვავი, რომელიც შეშის ალტერნატივას წარმოადგენს და ხელს შეუწყობს საქართველოში შეშის მოხმარების შემცირებას. შპს „გრინერჯი“ თავის სამიზნე ბაზრად განიხილავს საქართველოში არსებულ ყველა სექტორს, სადაცაქტიურად მოიხმარებაშეშა.
წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ბიოსაწვავი კომერციული სექტორისთვის წარმოების ხარჯებს შეამცირების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს (კომპანიის პროდუქცია შეშაზე დაახლოებით 10% იაფია). მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული 4 პროექტის ფარგლებში არსებული საწარმოები ჯამში მიახლოებით 8 200 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ამჟამად მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ბანკები განიხილავენ 25-მდე პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები