ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ინფლაცია მომავალ წელსაც დაბალი იქნება, სავარაუდოდ, 3 %-ის ფარგლებში. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“ინფლაცია, ისევე – როგორც წელს, ალბათ, მომავალ წელსაც დაბალი იქნება, სავარაუდოდ, 3 %-ის ფარგლებში. გასული თვის ინფლაცია პირველად დეფლაციაში იყო, ანუ, წინა თვესთან შედარებით, უარყოფით მაჩვენებელში გახლდათ, შემცირებული, არათუ გაზრდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროგნოზი არის, რომ ინფლაცია მომავალ წელს შემცირებული იქნება.
ზოგადად, სავალუტო კურსთან მიმართებით ეკონომიკის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეკონომიკური ზრდის მომავალი წლის პროგნოზი, როგორც სავალუტო ფონდის, ისე მთავრობის, მოგეხსენებათ, კონსერვატორული შეფასებით დაახლოებით, 5 %-ის ფარგლებშია. ხაზგასმა მინდა, გავაკეთო, რომ ამ წელსაც წინასწარი პროგნოზი 4%- მდე იყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკა 7 %-იან ზრდაზე გავა. მომავალ წელსაც 5%-იანი ზრდა პირობითია, ჩემი შეფასებით, უფრო მაღალი ზრდა გვექნება. მართალია, მომავალ წელს საარჩევნო წელია და, ზოგადად, როცა ჩვენი ტიპის ქვეყნებში ასეთი არჩევნები ტარდება, ინვესტორები ინვესტირებისგან თავს იკავებენ ხოლმე, ამას ინვესტორთა გარკვეული პაუზა ჰქვია, აკვირდებიან, როგორ ჩატარდება არჩევნები, ვინ მოვა ხელისუფლებაში, რა დაპირებები იქნება და ა.შ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე დეკემბერში ძალიან დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს საინვესტიციო განწყობებს სერიოზულად შეცვლის, გააუმჯობესებს. ჩემი შეფასებით, საარჩევნო წლის თავშეკავებას გადაფარავს კიდეც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტრიბუცია მშპ-ში თუ საშუალოდ 7-8%-ია ხოლმე, ეს მაჩვენებელი მომავალი წლისთვის, შეიძლება, გაიზარდოს კიდეც. ის პარამეტრები, რომლითაც ეკონომიკაა დაგეგმილი, ბიუჯეტის დეფიციტი, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი, ექსპორტის ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი, ტურიზმის დინამიკის, ეკონომიკური ზრდის დინამიკის პროგნოზი იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით დაბალი ინფლაცია გვქონდეს. ახლა ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ევროკავშირის ზონასა და რეგიონში ერთერთი ყველაზე დაბალია”, – განაცხადა ცუცქირიძემ.