ბექა ოდიშარია – ოპოზიციაზე: როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება, რადგან სძულთ ერთმანეთი

“ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ამავე დროს, მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ყოფნას და ქართველი ხალხის სახელით საუბარს არ იმსახურებენ, მალე გადარეცხილი იქნებიან პოლიტიკური ლანდშაფტიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთი სძულთ.

„ზოგიერთი მოლაპარაკე თავი საუბრობს, რომ სულაც არ ეშინიათ ხუთპროცენტიანი ბარიერის, პირიქით, ათი და 15-პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ითხოვენ. იმავე პარტიების სხვა სპიკერები საუბრობენ, რომ აუცილებელია, ბარიერი დაიწიოს. არავითარ შემთხვევაში. პლურალიზმის ნაცვლად, მივიღეთ აბსოლუტური ქაოსი, ადამიანების უსაქმურობა, თვეობით არ მონაწილეობდნენ პროცესში, ბოიკოტირებდნენ 12 რეკომენდაციას. ეს ხალხი მხოლოდ მავნებლობაზეა ორიენტირებული. როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება, რადგან სძულთ ერთმანეთი. პარტია „საქართველოსათვის“ და „ლელოს“ ლიდერებს ეს გაცხადებული აქვთ. რაც შეეხება ერთპროცენტიან პარტიებს, გაერთიანდნენ, მოსინჯონ მაინც, სხვა შანსი მაინც არ აქვთ. მაგალითად, ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი. სოციალური კვლევების მეშვეობით თავიანთი რეიტინგები როცა გაზომეს, მიხვდნენ, რომ ერთ პროცენტს ვერ უყრიდნენ თავს და ბუნებრივად მიეწებნენ ორბიტაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასობაში, არ გაუმართლათ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ იშლება ხუთ და ათპროცენტიან პარტიებად, ნაკრებებად. ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ამავე დროს, მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ყოფნას და ქართველი ხალხის სახელით საუბარს არ იმსახურებენ, მალე გადარეცხილი იქნებიან პოლიტიკური ლანდშაფტიდან. იმედი მაქვს, ამ ველზე ჯანსაღი, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შემოვლენ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები