“მიღებული გადაწყვეტილებები ლარის კურსის სტაბილურობასაც დაუჭერს მხარს და ეროვნულ ვალუტაზე დადებითად იმოქმედებს”,- ასე აფასებს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი, ლაშა ქავთარაძე ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს.
„კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა დაეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემსუბუქდეს. იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირში საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს გადმოეცემა ჩვენს საბანკო სექტორსაც, მიღებული გადაწყვეტილებები ლარის კურსის სტაბილურობასაც დაუჭერს მხარს და ეროვნულ ვალუტაზე დადებითად იმოქმედებს. ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას სხვა ფაქტორებზე ინვესტიციებზე, მოხმარებაზე, ინფლაციაზე აქვს პოზიტიური გავლენა. თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს“, – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე მცირდება.