„თი ბი სი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებას აფასებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ლარის კურსთან მიმართებითაც პოზიტიურია.
“ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სავალდებულო რეზერვების ნორმის შემცირება. სებ-ის არგუმენტები მისაღებია, ვინაიდან გლობალურ დონეზე გაზრდილია განაკვეთები და მისასალმებელია რომ ჩარჩო უფრო მორგებული გახდეს მომხმარებლებზე. ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი საშუალება, რომ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი. გადაწყვეტილება ლარის კურსის მიმართებითაც პოზიტიურია, ვფიქრობ, რომ ლარიზაციის ღონისძიებებთან ერთად საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, რაც საბოლოოდ კურსის გამყარებას უწყობს ხელს.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე მიუთითებს. შეფასებები ცალსახად დადებითია. მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ სესხების ჭარბი ზრდა ჯერჯერობით არ იკვეთება, რასაც ადგილი ჰქონდა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. სებ-ის რეაგირების შედეგად დღეს საბანკო სექტორს ეს პრობლემა არ აქვს. სესხებთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, ეს მონაცემი ეკონომიკურ ზრდასთან არის თანხვედრაში“, – აცხადებს ნადარაია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე მცირდება.