გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება აზღვევს გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების უარყოფითი ასახვის რისკებს საქართველოზე და ახდენს ნეგატიური გავლენების მინიმიზებას

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე მცირდება.

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სებ-ის გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, საქართველო ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკასთან და საფინანსო სისტემასთან, შესაბამისად, ადგილობრივად მიღებული გადაწყვეტილებები გაანალიზებული უნდა იყოს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკი არის სწორედ ის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ყველაზე უფრო ზუსტად აკვირდება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, არის ძალიან დროული და სრულად რელევანტური. წარსულში დაგვიანებული გადაწყვეტილებები იყო ხოლმე პრობლემა, ახლა ქვეყნის ცენტრალური ბანკი მოქმედებს ზუსტად დროში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს პროაქტიური კომუნიკაცია კერძო სექტორთან, პირველ ყოვლისა, საფინანსო სექტორთან. გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, გარკვეული ტიპის რისკები ჩნდება ადგილობრივ ეკონომიკაზე და სწორედ ამ გადმოცემის ეფექტის შემსუბუქებას ემსახურება სებ-ის გადაწყვეტილებები. სებ-ის როლი კიდევ უფრო მნიშნელოვანია ამ დროს, რადგან ის არის მასტიმულირებელი და დამცავი ქართული ფინანსური სისტემის და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოში“ დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს ლიკვიდობის შესაძლებლობის ზრდაზე, რადგან გლობალური ფაქტორიდან გამომდინარე გამკაცრებული მიდგომები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს ქმნის, რაც ეკონომიკური შენელების წინაპირობაა.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რამდენიმე ფაქტორის ღირებულებათა ჯაჭვი იკვრება, ერთის მხრივ კომერციულ ბანკებს გაუთავისუფლდებათ თანხები, რომლებიც შეუძლიათ სესხად გასცენ. მეორეს მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის შესაძლებლობა იზრდება და მესამე, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ახდენს დადებით გავლენას, ამცირებს რისკებს და ასტიმულირებს ზრდის მიმართულებას“, – აცხადებს აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები