“ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, უმუშევრობის დონის შემცირება” – გიორგი ცუცქირიძე EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსიდან მომდინარე შანსებსა და ბენეფიტების შესახებ საუბრობს
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს კარგი შანსი აქვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი ბენეფიტები მიიღოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამის შესახებ ეკონომისტმა მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პრაქტიკულად, მიიღო. აქ საუბარია, არა სტატუსის პერსპექტივაზე, არამედ სტატუსის მიღების შემდეგ გვაქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივა, უახლოეს 6-7 წელიწადში უკვე ევროკავშირის წევრობა მივიღოთ.
ვამბობთ, რომ ფანჯარა გაიხსნა, აქამდეც იყო ბევრი ქვეყანა, რომელსაც სტატუსი ჰქონდა, მაგრამ ევროკავშირის წევრობას ხშირად 10-12, 17 წელიც კი ელოდებიან. მაშინ ეს, გარკვეულწილად, შეჩერებული იყო, იმის გამო, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაფართოებაზე კონსენსუსი არ იყო, ვიცით, რომ დღეს ეს კონსენსუსი შემდგარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება, იმავე გზის ავლა მოგვიწიოს, რაც 1998-2005 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა, ევროკავშირის ე.წ. მეოთხე და მეხუთე გაფართოებისას გაიარა. როცა ბიუჯეტის სამომავლო პროგნოზსა და ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობ, ეს კონსერვატორული შეფასებაა, ჩვენ შესაძლოა, უფრო მაღალი ზრდაც გვქონდეს. როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს და წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამ 6-7 წელში, სანამ ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ, ყველზე დიდი ეკონომიკური გარღვევაც მოხდა. ამ წლებში ამ ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდა მოხდა, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკა 80-100 %-ითაა გაზრდილი, ანუ, მათი ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაორმაგდა.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში გაორმაგდა და გასამმაგდა საშუალო ხელფასი, პენსიები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყნებმა ეკონომიკის ტრანსფორმაცია სწორედ მაშინ მოახდინეს. ანალოგიურად შეიძლება, ეს პერსპექტივა საქართველოზეც გადმოვიტანოთ. ჩვენც გვაქვს ძალიან კარგი შანსი, ზუსტად ამ წლებში, (2024- 2030 წლებს ვგულისხმობ, სავარაუდოდ, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაა ჩაფიქრებული) საკმაოდ დიდი ბენეფიტები მივიღოთ, რაც ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეიძლება, გააორმაგოს კიდეც. აქედან გამომდინარე, თუ კონსერვატორული შეფასებით, გვაქვს პროგნოზი, რომ 2027 წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ 11 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე საშუალო ევროპულ დონეს ვუახლოვდებით, რომელიც 15 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება უმუშევრობის თემას, ევროპის ქვეყნებზე როცა ვსაუბრობ, ამ პერიოდში მათი უმუშევრობის დონე საშუალო ევროპულზე ქვემოთ დავიდა. მაგალითად, ხორვატია, უნგრეთი რომ ავიღოთ, სადაც უმუშევრობა შედარებით მაღალი იყო, დღეს მათი მაჩვენებელი საშუალო ევროპულთან, ან უფრო ქვემოთაა.საშუალო ევროპული დღეს 6,2%-ია. ამიტომ, ჩვენთან უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი დაწევაც მოსალოდნელია. უმუშევრობის დაწევით ქვეყანაში სამუშაო ძალაც იზრდება და დემოგრაფიაც უკეთესი ხდება. თუ დღეს შრომითი მიგრაციის პრობლემა გვაქვს, შეგვეძლება, ეს პროცესი შევანელოთ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.